ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, მოკავშირეები 2026-2027 წლებში უკრაინას, სულ მცირე, 140 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
2026 წლისთვის მოკავშირეებმა უკვე დაადასტურეს 70 მილიარდი ევროს გამოყოფა, რომელიც მოხმარდება სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, დახმარებასა და უკრაინელი სამხედროების წვრთნას.
დეკლარაცია ადასტურებს მოკავშირეთა სუვერენულ ვალდებულებას, 2027 წელსაც შეინარჩუნონ, სულ მცირე, ანალოგიური დონის მხარდაჭერა.
ალიანსის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ეს დახმარება უნდა იყოს სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დახმარების უდიდეს ნაწილს ევროპელი მოკავშირეები და კანადა უზრუნველყოფენ. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამიტის დასრულების შემდეგ ალიანსის ერთიანობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ NATO უკრაინის გვერდით დგას.




