მოსკოვის რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა სცადა ქალმა, რომელ აფეთქების დროს თავადაც დაიღუპა.

მოსკოვის ცენტრში, კუდრინის მოედანზე, ეგრეთ წოდებულ სტალინურ ცათამბრჯენში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. სავარაუდოდ, ბომბი აფეთქების შედეგად დაღუპულ ქალს ეჭირა. ამის შესახებ „ტაასს“ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის  საინფორმაციო ცენტრმა განუცხადა.

„2026 წლის 1 აგვისტოს, მოსკოვის დროით საღამოს 7:55 საათზე, მოსკოვში, კუდრინის მოედანზე მდებარე რესტორანში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. სამი ადამიანი დაიღუპა: დაცვის თანამშრომელი, რომელმაც რესტორანში ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანაში ეჭვმიტანილი უცნობი ქალის შესვლას ხელი შეუშალა, თავად უცნობი ქალი და ერთ-ერთი კლიენტი“, - იტყობინება ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რესტორანი კერძო ღონისძიების გამო იყო დაკეტილი. ზოგიერთი ცნობით, ეს კერძო ღონისძიება ქორწილი იყო, რომელსაც დაახლოებით 50 კაცი ესწრებოდა, ზოგიერთი, მათ შორის უკრაინული მედიის ცნობით კი, რუსი გენერალი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აფეთქება რესტორნის შესასვლელთან, ვერანდაზე, იმ დროს მოხდა, როდესაც უცნობი ქალი რესტორანში შესვლას ცდილობდა და მას ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა. აფეთქების მომენტში სტუმრები სრულად არ იყვნენ შეკრებილები ღონისძიება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.

ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.