უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინას მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
„კროკუს სითისთან“ დაკავშირებით, სადაც ახლახან განვითარდა გარკვეული მოვლენები, მოხდა სროლა, გარკვეული ტერორისტული ქმედებები დაუდგენელი პირების მხრიდან. მოდით, დავაფიქსიროთ, უკრაინას, აბსოლუტურად დაზუსტებით, არ აქვს არანაირი კავშირი ამ მოვლენებთან. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრულფასოვანი, ფართომასშტაბიანი, უზარმაზარი, ინტენსიური ომი რუსეთის რეგულარულ არმიასთან და რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინისთვის ყველაფერი გადაწყდება სწორედ ბრძოლის ველზე. მნიშვნელოვანია ეფექტიანი საბრძოლო მოქმედებების, შეტევითი მოქმედებების ჩატარება რუსეთის რეგულარული არმიის გასანადგურებლად და ამ ომის ამგვარად დასასრულებლად”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას არასდროს გამოუყენებია ომის ტერორისტული მეთოდები. მისივე თქმით, რუსეთის უახლეს ისტორიაში არაერთხელ ყოფილა პრეცედენტები, როდესაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტები გამოიყენებოდა თავდასხმითი საბრძოლო მოქმედებების გასამართლებლად.
გარდა ამისა, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ თავდასხმამდე დიდი ხნით ადრე, მოსკოვში უცხოური ქვეყნების წარმომადგენლობები აფრთხილებდნენ ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ რუსეთის შესაბამისი შემდგომი მოქმედებებისთვის. „მასშტაბური მობილიზაციის, მილიტარიზაციის და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის გენოციდური სარაკეტო დაბომბვის გამართლების გასაგრძელებლად”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.