მიანმარში, სადაც მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 28 მარტს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 2719 ადამიანი, 4512 დაშავდა, 441 კი დაკარგულად ითვლება.

სააგენტო AFP-ის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ძლიერი სიცხე ართულებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიანმარში დაავადებათა გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო სიტუაციის უმაღლესი დონე გამოაცხადა. ორგანიზაციას დაავადებათა აფეთქების აღსაკვეთად და პირველადი სამედიცინო მომსახურების აღსადგენად დაუყოვნებლივ სჭირდება 8 მილიონი დოლარი.

მიანმარში 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 28 მარტს მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ საგაინიდან ჩრდილო-დასავლეთით 16 კილომეტრში მდებარეობდა. პირველ მიწისძვრას კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი მოჰყვა.

მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია ტაილანდშიც. ბანგკოკში 19 ადამიანი დაიღუპა, 75 კი დაკარგულად ითვლება.