მიანმარის სამხედრო ხელისუფლების განცხადებით, 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-ს აღემატება, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 3 400-ს მიაღწია.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს.
"ყველა სამხედრო და სამოქალაქო საავადმყოფომ, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, კოორდინირებულად და ეფექტიანად უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ ეფექტური სამედიცინო რეაგირება". - თქვა მიანმარის სამხედრო მთავრობის ლიდერმა, მინ აუნ ჰლაინგმა.
ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 78 კვლავ ნანგრევებში რჩება.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.