მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

 ამის შესახებ ინფორმაციას მიანმარის სახელმწიფო მედია ქვეყნის სამხედრო მმართველობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 2370-ს აღემატება.

ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დანგრეულია შენობები, ხიდები, ავტომაგისტრალები. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მიანმარის ხელისუფლებამ ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი მინ აუნგ ჰლაინგი აცხადებს, რომ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის ზრდა. მან საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. მიანმარში უკვე ჩავიდა სამაშველო ჯგუფი და ჰუმანიტარული დახმარება ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ასევე მიანმარს დახმარება შესთავაზა აშშ-მა. სტიქიის ზონაში მაშველების გაგზავნის შესახებ განაცხადა რუსეთმაც.

მიანმარში 7.7 და6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მანდაილაია იყო. ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდსა და ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.

მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მშენებარე ცათამბჯენი ჩამოინგრა.

მშენებლობის ადგილას 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევებში შესაძლოა, 100-ზე მეტი მუშა იყოს მოყოლილი. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ბანგკოკი საგანგებო სიტუაციის ზონად გამოცხადდა.