მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მკვლევრები მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან (LMU), რეგენსბურგის უნივერსიტეტიდან და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში დაამტკიცა, რომ ზოგიერთ მიკროორგანიზმს შეეძლო, გადარჩენილიყო სატურნის თანამგზავრ ენცელადის ყინულქვეშა ოკეანეში. ამან შესაძლოა, ის სიცოცხლისთვის კიდევ უფრო ვარგისი გახადოს, ვიდრე მანამდე ითვლებოდა. კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

"ენცელადი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილად არამიწიერი სიცოცხლის მოსაძებნად. ჩვენი ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ მისმა უნიკალურმა გეოქიმიამ შესაძლოა, შექმნას პირობები, რომლებიც მიკრობული სიცოცხლისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელია, ვიდრე აქამდე გვეგონა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ვანესა ჰელმბრეხტმა მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ენცელადის ყინულოვანი ქერქის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეა, ხოლო უფრო ღრმად — ქვის ბირთვი. ლაბორატორიაში მკვლევართა გუნდმა ხელახლა შექმნა ის პირობები, რომლებიც ენცელადის ზღვის ფსკერზე არსებობს. ამ გარემოში მოათავსეს არქეა, რომელიც დედამიწაზე ღრმაწყლიან რაიონებში ბინადრობს. კვლევის თანახმად, ამ ერთუჯრედიან ორგანიზმს ენერგიის მისაღებად წყალბადისა და ნახშირორჟანგის აირები სრულიად ჰყოფნის.

"შედეგები გაოცებას იწვევს: ორგანიზმი აგრძელებდა ზრდას ენცელადის სიმულირებულ პირობებში და აწარმოებდა მეთანს იმ წყალბადის გამოყენებით, რომელიც წყალსა და ქანებს შორის რეაქციების შედეგად წარმოიქმნა", — განაცხადეს LMU-ში. ამრიგად, მეცნიერებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ არქეას შესწევს უნარი, ადაპტირდეს CO2-ის დაბალ დონესთან და თავისი უნიკალური მეტაბოლიზმის წყალობით ხელმისაწვდომი აირის მცირედი რაოდენობაც კი გამოიყენოს.

"ჩვენი კვლევა არ ამტკიცებს, რომ ენცელადზე სიცოცხლე არსებობს. თუმცა ის აჩვენებს, რომ ამ თანამგზავრის საკვანძო გეოქიმიურმა თავისებურებებმა შესაძლოა, სიცოცხლის ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთ უძველეს ფორმას არსებობის საშუალება მისცეს", — ხაზგასმით აღნიშნა გეობიოლოგმა უილიამ ორსიმ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.