მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან: ორი ექიმი, მეთიუ პერის თანაშემწე, ნარკოტიკული საშუალებით მოვაჭრე ორი პირი, რომელთაც ბრალად პერისთვის დიდი რაოდენობის კეტამინის მიყიდვა ედებათ.
გამომძიებლების მტკიცებით, ბრალდებულებმა ისარგებლეს მსახიობის ნარკოდამოკიდებულებით.
„ბრალდებულებმა ისარგებლეს პერის ნარკოდამოკიდებულებით პირადი მიზნებისთვის, რათა გამდიდრებულიყვნენ. შესანიშნავად იცოდნენ, რომ ამით დიდ საფრთხეს უქმნიდნენ მსახიობს, თუმცა მაინც გააკეთეს ეს“, – განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა, მარტინ ესტრადამ.
მეთიუ პერი კეტამინის კურსს გადიოდა, რომელიც შფოთვით აშლილობასა და დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა, თუმცა ბოლო ოფიციალური პროცედურა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ჰქონდა ჩატარებული და ნივთიერება ამდენ ხანს სისხლში ვერ დარჩებოდა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მსახიობმა კეტამინი კურსის ფარგლებს გარეთ მიიღო, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში, გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მსახიობის სიკვდილის მიზეზად „კეტამინის მწვავე ეფექტები“ დასახელდა.