მექსიკის სასამართლომ აბორტის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. სასამართლომ დაადგინა, რომ აბორტის აკრძალვა არაკონსტიტუციურია და ქალთა უფლებებს არღვევს. გასული წლების განმავლობაში ლათინურ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა აბორტის აკრძალვას და მათ შედეგსაც მიაღწიეს.

2021 წელს სასამართლომ მექსიკის ერთ-ერთ შტატს მოუწოდა აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულების სიიდან ამოეღო, რასაც პროცედურის დეკრიმინალიზაცია სხვა შტატებშიც მოჰყვა. ჯერჯერობით აბორტი მექსიკის 31 შტატიდან 12-ში გახდა ლეგალური.

ანდრეა ჰერნანდესი, მექსიკელი ფემინისტი აქტივისტი ამ ამბავს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

"თავი სიზმარში მგონია. სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ თავს. თუ ბავშვის გაჩენა არ შეგიძლიათ, არც იმის უფლება გაქვთ, აბორტზე თქვათ, სწორია თუ არასწორი", — წერს ის.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ავტომატურად არ შევა — ამისთვის მექსიკის კონგრესმა აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულების სიიდან უნდა ამოიღოს. ეს პროცესი რამდენიმე დღეშიც შეიძლება მოხდეს ან წლები დასჭირდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც დაიცავს ადამიანებს, რომლებიც აბორტს იკეთებენ და სამედიცინო პერსონალს, რომელიც პროცედურას აკეთებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში აბორტი კვლავაც აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება, მაგალითად, 2020 წელს არგენტინაში აბორტი ლეგალური გახდა, 2022 წელს კი იგივე კოლუმბიაში მოხდა.