მექსიკამ შეერთებულ შტატებს ცნობილი ნარკობარონი ხუაკინ გუსმანი, მეტსახელად ელ ჩაპო გადასცა, რომელსაც ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდასა და მკვლელობაში ედება. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის ხელისუფლება ადასტურებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასამართლო მოსმენები კალიფორნიისა და ტეხასის შტატში ჩატარდება. მექსიკაში ელ ჩაპოს ექსტრადირების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ამერიკელმა პროკურორებმა პირობა დადეს, რომ ხუაკინ გუსმანს (ელ ჩაპოს) სიკვდილით დასჯა არ ემუქრება.

2001 წლიდან გუსმანმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მისი სახე რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციისთვის უცნობი იყო. მას სულ 12 სხვადასხვა რეგიონში მდებარე სახლი ჰქონდა, რომლებსაც ფარული კამერებით აკონტროლებდა. გუსმანი 300 დაცვის წევრთან ერთად გადაადგილდებოდა. მექსიკის პოლიციამ გასულ წლებში რამდენიმეჯერ სცადა მისი დაკავება, თუმცა ცდები უშედეგო იყო. 2014 წლამდე მას პირადი მზარეული - ახალგაზრდა ქალბატონი ჰყავდა, რომელიც მას მუდამ თან ახლდა. გუსმანს იმდენად ეშინოდა მოწამვლის, რომ საჭმელს ჯერ დაჯგუფების წევრებს სთავაზობდა. 

მიუხედავად ამისა, გუსმანის 2014 წლის თებერვალში დააკავეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია პოლიციელებს გუსმანის ინფორმატორებმა გადასცეს. გუსმანი კურორტ მასატლაში, მექსიკელმა და ამერიკელმა სპეცსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

მანამდე, ელ ჩაპომ "ალტიპლანოს" ციხე 1,7 კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით დატოვა. გვირაბს ის 1 წლის განმავლობაში აშენებდა. გვირაბში შესასვლელი კამერის აბაზანაში იპოვეს. გვირაბში ელ ჩაპომ ვენტილაცია, განათება და ჟანგბადის ბლოკები დაამონტაჟა. მოგვიანებით, მექსიკის პოლიიამ ელ ჩაპო მაინც დააკავა.