აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მან პირადი წერილები მისწერა როგორც ვლადიმერ პუტინს, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის.
მისივე თქმით, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების თანხმობის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
მელანია ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ყოველ ეტაპზე პირადად იყო ჩართული.
„ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტა პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მათი თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის. რუსეთი და უკრაინა პატივს სცემენ ჩვენს ურთიერთობას და დათანხმდნენ ჩემთან ერთად ეთანამშრომლათ როგორც ექსკლუზიურ შუამავლთან, ოლეშკიში და მიმდებარე ხერსონის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამყარების მიზნით. მე ჩართული ვიყავი დაგეგმვის ყველა ეტაპზე. გადავხედე სამთო გეგმებს, საჰაერო ფოტოებს, შევაფასე გზები და განვიხილე ევაკუაციის მარშრუტები, საავადმყოფოში მისასვლელი მანქანები და სამედიცინო რესურსები“, – აღნიშნა აშშ-ის პირველმა ლედიმ.
მელანია ტრამპის თქმით, ახლა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ოლეშკიში მოპოვებული გამბედაობა საერთო ენის მოსაძებნად და ადამიანთა ტანჯვის დასასრულებლად.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ოლეშკიში გაჩენილი ნაპერწკალი „მშვიდობის მუდმივ ცეცხლად გადაიქცევა“.
აშშ-ის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარს, იანა ლანტრატოვას, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაში მისი როლისთვის.
„ჩემი ღრმა მადლიერება ქალბატონ იანა ლანტრატოვას, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა კომისარს. თქვენი თავდადება იმედსა და ღირსებას მატებს ომის შედეგად განადგურებულებს“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 23 ოქტომბერს მიაღწია. 2 ნოემბერს აშშ-ის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ოლეშკიდან თითქმის 800 ადამიანი გაიყვანეს. ამასთან, მელანია ტრამპი რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრას ხუთშაბათს უმასპინძლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველი ლედი უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში პირადი წვლილისთვის „პრინცესა ოლგას ორდენით“ დააჯილდოვა.








