აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ვაშინგტონში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდება ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ალესკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განსახილველად. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის მეუღლე ალესკიში ჰუმანიტარული მისიის შედეგების შესახებ ოფიციალური განცხადებით 5 ნოემბერს, გამოვა. გაიმართება თუ არა კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმავე დღეს, არ დაზუსტებულა.
სააგენტო РБК-Украина-ს ცნობით, მელანია ტრამპთან შეხვედრაზე თეთრ სახლში უკრაინული მხრიდან გაემგზავრებიან ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია და უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი, ხოლო რუსული მხრიდან — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და ომბუდსმენი იანა ლანტრატოვა.
ზავი ალესკისა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში 27 ოქტომბერს, დილით ადრე დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდა. ის მხარეებს შორის იმ შეთანხმებების შედეგი გახდა, რომლებიც აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით იქნა მიღწეული, რომელსაც მოსკოვი და კიევი ცეცხლის შეწყვეტის ორგანიზებაში საკვანძო შუამავლად მოიხსენიებენ.
ჰუმანიტარული ოპერაციის ფარგლებში ქალაქიდან ასობით მშვიდობიანი მცხოვრების გამოყვანა მოხერხდა. გარდა ამისა, იქ ჰუმანიტარული ტვირთიც ჩაიტანეს.




