მედიაში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის მიერ აშშ-ს 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმის" საპასუხოდ შედგენილი წინადადების სრული ტექსტი გავრცელდა, რომელიც უკრაინისთვის მეტად ხელსაყრელია, თუმცა ასევე მოიცავს კიევის მხრიდან გარკვეულ დათმობებს. წინადადების დებულებები გამოცემებმა, Reuters-მა და The Telegraph-მა გაავრცელეს.

ამერიკული ვერსიისგან განსხვავებით, ევროპული სამეულის (E3) წინადადება აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიის მიწოდებას ითვალისწინებს, ყირიმის, ლუჰანსკისა და დონეცკის დე ფაქტო აღიარებასა და დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას არ მოითხოვს და აცხადებს, რომ ტერიტორიული გაცვლების შესახებ მოლაპარაკებები შეხების ხაზის, ანუ ფრონტის ხაზის გათვალისწინებით უნდა დაიწყოს.

გარდა ამისა, ევროპულ გეგმაში აღნიშნულია, რომ უკრაინის გაწევრიანება NATO-ში ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსზე იქნება დამოკიდებული, რომელიც მიღწეული არ არის, ხოლო ამერიკული ვარიანტი უკრაინის კონსტიტუციაში NATO-ში გაწევრიანებაზე უარის ჩაწერას ითვალისწინებდა. E3-ის წინადადებიდან ასევე ამოღებულია დებულება, რომლის თანახმადაც იარსებებდა მოლოდინი, "რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს არ დაესხმებოდა თავს და NATO არ გაფართოვდებოდა". 

თუმცა, ევროპული წინადადება, ამერიკულის მსგავსად, მათ შორის, რუსეთისთვის დიდ რვიანში (G8) დაბრუნების საშუალების მიცემასა და "გლობალურ ეკონომიკაში რუსეთის რეინტეგრირებას" მოიცავს. ამასთან, ევროპული წინადადება, აშშ-ს გეგმის მსგავსად, მშვიდობიანობის დროს უკრაინის სამხედრო ძალის შეზღუდვას მოიცავს, თუმცა ამერიკული ვარიანტისგან განსხვავებით, რომელიც 600 000 ჯარისკაცამდე შეზღუდვას ითხოვდა, ზღვარი 800 000-მდე არის გაზრდილი.

ორივე წინადადება ასევე მოიცავს დებულებას, რომელიც მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინაში არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს. 

Reuters-ისა და The Telegraph-ის მიერ გავრცელებული წინადადების სრული ვერსია:

1. უკრაინის სუვერენიტეტი ხელახლა დადასტურდება.

2. რუსეთსა და უკრაინასა და NATO-ს შორის სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება მიიღწევა. ბოლო 30 წლის ყველა გაუგებრობა მოგვარდება. 

(აშშ-ს გეგმის მე-3 პუნქტი ამოშლილია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პუნქტში შემდეგი რამ ეწერა: "მოსალოდნელია, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება, ხოლო NATO მეტად აღარ გაფართოვდება.")

4. მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი, რუსეთსა და NATO-ს შორის დიალოგი შედგება, რათა უსაფრთხოების შესახებ ყველა შეშფოთება განიხილოს და დეესკალაციის ხელშემწყობი გარემო შეიქმნას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და კავშირგაბმულობის შესაძლებლობისა და სამომავლო ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად. 

5. უკრაინა მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.

6. უკრაინის არმიის მაქსიმალური ზომა მშვიდობიანობის დროს 800 000-ად განისაზღვრება.

7. NATO-ში უკრაინის გაწევრიანება NATO-ს წევრი ქვეყნების კონსენსუსზე იქნება დამოკიდებული, რაც ამჟამად არ არსებობს.

8. NATO თანხმდება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანობის დროს მისი სარდლობის ქვეშ არსებული ჯარები მუდმივად არ განთავსდება. 

9. NATO-ს ავიაგამანადგურებლები პოლონეთში იქნება განლაგებული

10. აშშ-ს გარანტია, რომელიც მე-5 მუხლის ანალოგია.

    ა. აშშ ამ გარანტიის სანაცვლოდ ანაზღაურებას მიიღებს;

    ბ. თუკი უკრაინა რუსეთს შეუტევს, ის გარანტიას დაკარგავს;

    გ. თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ძლიერი კოორდინირებულ სამხედრო პასუხის გარდა ყველა გლობალური სანქცია აღდგება და გაუქმდება ახალი ტერიტორიის ნებისმიერი სახით აღიარება და შეთანხმებით მიღებული ყველა სხვა სარგებელი.

10. უკრაინას აქვს უფლება, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ ამის [EU-ში გაწევრიანების] განხილვა მიმდინარეობს.

11. უკრაინისთვის შეიქმნება მასშტაბური გლობალური აღდგენის პაკეტი, მათ შორის:

    ა. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მაღალტექნოლოგიურ და სწრაფად მზარდ სექტორებში, მათ შორის, ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და AI-ში, ინვესტირებისთვის.

    ბ. აშშ უკრაინასთან ერთად პარტნიორობით ერთობლივად აღადგენს, გაზრდის, მოდერნიზებას გაუკეთებს და ოპერირებას გაუწევს უკრაინის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, მილსადენებსა და გაზსაცავ ობიექტებს.

    გ. ერთობლივი ძალისხმევა ომით დაზარალებული რეგიონების აღსადგენად, რათა ქალაქები და საცხოვრებელი ტერიტორიები კვლავ განვითარდეს და მოდერნიზება ჩაუტარდეს.

    დ. ინფრასტრუქტურული განვითარება.

    ე. მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვება.

ვ. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდება სპეციალური ფინანსური პაკეტი, რათა დაფინანსდეს და დაჩქარდეს ეს პროცესები.

12. გლობალურ ეკონომიკაში რუსეთის ეტაპობრივად რეინტეგრირდება

    ა. სანქციების შემსუბუქება განიხილება ეტაპობრივად და ინდივიდუალური შემთხვევების საფუძველზე.

    ბ. აშშ გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას შეუერთდება, რათა ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, იშვიათი წიაღისეულის სფეროებში, არქტიკის რეგიონში ერთობლივი პროექტებისა და სხვა ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობების მხრივ ორმხრივი განვითარება დაიწყოს.

    გ. რუსეთს შეეძლება დიდ რვიანში დაბრუნება

14. უკრაინა სრულად აღდგება და ანაზღაურდება ფინანსურად, მათ შორის, რუსეთის სუვერენული აქტივებით, რომლებიც გაყინული დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინას ზიანს არ აუნაზღაურებს.

15. უსაფრთხოების ერთობლივი სპეციალური რაზმი ჩამოყალიბდება აშშ-ს, უკრაინის, რუსეთისა და ევროპელთა მონაწილეობით, რათა ამ შეთანხმების ყველა დებულება დაიცვას და აღასრულოს.

16. რუსეთი ევროპისა და უკრაინის წინააღმდეგ თავდაუსხმებლობის პოლიტიკას საკანონმდებლო დონეზე მიიღებს.

17. აშშ და რუსეთი თანხმდებიან, რომ ბირთვული გაუვრცელებლობისა და კონტროლის ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ, მათ შორის New Start-ს. 

18. უკრაინა თანხმდება, რომ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ფარგლებში არაბირთვულ სახელმწიფოდ რჩება. 

19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური IAEA-ს მეთვალყურეობით ხელახლა ჩაირთვება და გამოყოფილი ენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის თანაბრად, 50-50 პროპორციით განაწილდება. 

20. უკრაინა რელიგიური შემწყნარებლობისა და ენობრივი უმცირესობების შესახებ ევროკავშირის წესებს მიიღებს. 

21. ტერიტორიები:

უკრაინა იღებს ვალდებულებას, რომ თავის სუვერენულ, ოკუპირებულ ტერიტორიას სამხედრო გზით არ დაიბრუნებს. ტერიტორიების გაცვლაზე მოლაპარაკებები დაიწყება შეხების ხაზიდან.

22. სამომავლოდ ტერიტორიულ მოწყობაზე შეთანხმების შემდეგ რუსეთი და უკრაინა პირობას დადებენ, რომ ამ მოწყობის შეცვლა ძალით არ მოხდება. ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია აღარ იმოქმედებს, თუ ამ ვალდებულებას რომელიმე მხარე დაარღვევს.

23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მხრიდან მდინარე დნეპრის კომერციული მიზნით გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვით გავლით მარცვლეულის თავისუფლად გადაზიდვაზე.

24. გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება სპეციალური ჰუმანიტარული კომიტეტი:

    ა. ყველა დარჩენილი პატიმრისა და ცხედრების გაცვლა "ყველა ყველას სანაცვლოდ" პრინციპით მოხდება.

    ბ. ყველა დაკავებული სამოქალაქო პირი და მძევალი გათავისუფლდება, მათ შორის, ბავშვებიც.

    გ. შეიქმნება ოჯახების გამთლიანების პროგრამა.

    დ. გათვალისწინებული იქნება ომით დაზარალებულთა ტანჯვის შემსუბუქების საკითხი.

25. სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინა რაც შეიძლება მალე ჩაატარებს არჩევნებს.

26. გათვალისწინებული იქნება კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის საკითხის მოგვარება.

27. ამ შეთანხმებას ექნება სამართლებრივი ძალა. მისი აღსრულების გარანტორი და მეთვალყურე მშვიდობის საბჭო იქნება, პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპის თავმჯდომარეობით.

28. მემორანდუმზე ყველა მხარის თანხმობის შემდეგ, დაუყოვნებლივ ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტა მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შეთანხმებულ წერტილამდე უკან დაიხევს, რათა დაიწყოს შეთანხმების აღსრულება. ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე, მათ შორის მონიტორინგზე, ორივე მხარე აშშ-ის ზედამხედველობით შეთანხმდება.