აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს ოფიციალურად წარადგინა აზერბაიჯანთან პარტნიორობის ახალი სტრატეგია. მასატო კანდამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.

„მე შევხვდი აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრს და ADB-ის საბჭოს წევრს საჰილ ბაბაევს. შეხვედრის მიზანი იყო ADB-ის აზერბაიჯანისთვის პარტნიორობის ახალი სტრატეგიის წარდგენა. დაფინანსების ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ADB მზადაა 2029 წლისთვის აზერბაიჯანში 2.5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩადოს. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მთავრობასთან განახლებადი ენერგიის პროექტების შემუშავების, რკინიგზისა და მეტროს და კერძო სექტორის გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დღეს მე ვესტუმრე იჩერი-შეჰერის მეტროსადგურს და შევხვდი ბაქოს მეტროს ხელმძღვანელობას, რათა გვემსჯელა ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გაფართოების შემდგომ ეტაპზე“ - დაწერა მან მოგვიანებით გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ტვიტში.


უნდა აღინიშნოს, რომ ADB-მ აზერბაიჯანთან პარტნიორობის ახალი სტრატეგია, გათვლილი 2025-2029 წლებზე, 29 ივლისს დაამტკიცა.

ბაქოში ვიზიტით მყოფი მასატო კანდა რამდენიმე საათის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.



აზერბაიჯანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრია 1999 წლიდან (საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წელს გახდა) . ამ პერიოდში ბანკმა ქვეყანაში 5.6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. აქედან 4.4 მილიარდი დოლარი საჯარო სექტორში, ხოლო 1.2 მილიარდი დოლარი კერძო სექტორში იყო მიმართული.

ამავდროულად, ADB-მ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია აზერბაიჯანის სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულ პროექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ასევე ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა ჯამური ღირებულება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 1966 წელს დაარსდა. მისი ძირითადი აქციონერებ- არიან იაპონია - 15,62%, აშშ - 15,51%, ჩინეთი - 6,45%, ინდოეთი - 6,34%, ავსტრალია - 5,79%, ინდონეზია - 5,34%, კანადა - 5,24%, კორეა - 5,04%, გერმანია - 4,33%. ბანკის შტაბ-ბინა ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მდებარეობს და ორგანიზაციაში გაერთიანებულია 69 ქვეყანა.