აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ "ტყუილი" უწოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მ კიევს უსაფრთხოების გარანტიები დონბასის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.

რუბიოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია უკრაინისგან, რომ კიევი აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინა რუსეთს დონბასის რეგიონს დაუთმობს.

"ეს სიცრუეა. ვნახე, რომ მან ეს თქვა, რაც სამწუხაროა, რადგან მან იცის, რომ ეს არ არის სიმართლე." - განუცხადა რუბიომ "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს, ალექს რაუფოღლუს.

"მისთვის ეს არ უთქვამთ. რაც ვუთხარით ძალიან აშკარა რამაა: უსაფრთხოების გარანტიები ძალაში ომის დასრულებამდე ვერ შევა, რადგან სხვაგვარად შენ ომში ერთვები. რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტია? ეს ნიშნავს სამხედროებს, რომლებიც მზად არიან ჩაერიონ და უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუ ამას ახლავე აამოქმედებ, ეს ნიშნავს, რომ შენს თავს ომში რთავ." - განმარტა მან.

რუბიოს მიხედვით, ზელენსკის უთხრეს, რომ "უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ხდება, მაგრამ ეს არ იყო მიბმული ტერიტორიის დათმობაზე."

მანამდე ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის დონბასის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.