"აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება," - აცხადებს მარკო რუბიო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თვალსაზრისით, აშშ-მა თავისი პოტენციალი ამოწურა.
სახელმწიფო მდივანმა რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" სანქცირებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპას ამ მიმართულებით მეტის გაკეთება შეუძლია, რადგან პროცესების დიდი ნაწილი სწორედ მისი ტერიტორიის მიმდებარედ ხდება.
"სანქციების დასაწესებლად უკვე აღარაფერი დარჩა. ფაქტობრივად, ჩვენ უკვე დავარტყით მათ ძირითად ნავთობკომპანიებს - სწორედ ამას ითხოვდა ყველა. რა თქმა უნდა, ამ სანქციების ამოქმედებას დრო დასჭირდება, ვიდრე ეფექტი გამოჩნდება, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი მეტი რა შეიძლება გაკეთდეს. ამ მხრივ, სანქცირებისთვის განკუთვნილი რესურსი გვეწურება. რაც შეეხება ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს - ეს უფრო აღსრულების საკითხია. ცხადია, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ისინი მკაცრად სრულდება. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს იმისთვის, რომ შემდეგ მათ განხორციელებას თვალი არ მივადევნოთ; სწორედ ამ კონტექსტში ჩნდება "ჩრდილოვანი ფლოტის" თემა. მიმაჩნია, რომ ევროპელ პარტნიორებს შეუძლიათ ამ მიმართულებით უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა მარკო რუბიომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.







