რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის სანქციების დაწესებისკენ დონალდ ტრამპს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ურჩია - მისი აზრით, კრემლი არ არის მზად დათმობებისთვის და ომის გაჭიანურებას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის გუნდში თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.

ეს დონალდ ტრამპის მიერ მეორე საპრეზიდენტო ვადაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პირველი სანქციებია.

წყაროების ცნობით, სერგეი ლავროვთან - პრეზიდენტების სამიტის მოსამზადებელი შეხვედრა - რუბიომ მასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გააუქმა. 

საუბრის შედეგად სახელმწიფო მდივანს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ კრემლის პოზიცია უცვლელია და რუსეთი არ განიხილავს დაუყოვნებლივ ზავს. 

"რუბიოს როლი რუსეთისადმი ადმინისტრაციის მიდგომის შეცვლაში, დიპლომატის მზარდ შიდა გავლენაზე მეტყველებს"- ნათქვამია Bloomberg-ის მასალაში.

კრემლში Bloomberg-ის წყაროს ცნობით, ტრამპთან გამართული ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ვლადიმირ პუტინს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ტრამპი მხარს დაუჭერდა მის მოთხოვნას დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ. 

სამიტის მოსამზადებელი კომუნიკაციის ფარგლებში სწორედ ამ შინაარსის დოკუმენტი გაგზავნა კრემლმა თეთრ სახლში.

წყაროების შეფასებით, კრემლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც მომდევნო დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა კონფლიქტის არსებულ პოზიციებზე გაყინვა მოითხოვა.

წყაროების ცნობით, რუბიოს ხისტი მიდგომა კონტრასტშია პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიდგომასთან, რომელმაც წელს პუტინთან 4 ხანგრძლივი შეხვედრა გამართა. 

წყაროების ცნობით, უიტკოფი კვლავ ინარჩუნებს გავლენას რუსეთთან დაკავშირებული შიდა დისკუსიებში - 17 ოქტომბერს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, უიტკოფი უკრაინელ ლიდერს ტერიტორიების, კერძოდ კი დონეცკის ოლქის დათმობას სთხოვდა. 

ამასთანავე უიტკოფის როგორც ეფექტური მედიატორის რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგა ალასკის სამიტის შემდეგ - სამიტის მოსამზადებელ ეტაპზე უიტკოფთან კომუნიკაციის შედეგად ადმინისტრაციის არაერთ მაღალჩინოსანს დარჩა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად იყო კომპრომისისთვის. დათმობების ნაცვლად დასავლური მედიის ცნობით, ტრამპს პუტინს ისტორიული ლექციის მოსმენა მოუხდა, რამაც ამერიკელი პრეზიდენტი გააღიზიანა და შეხვედრის უცერემონიოდ დასრულებისკენ უბიძგა.