აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონსერვატიული იურიდიული ორგანიზაციის წინაშე სიტყვით გამოსვლისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გააკრიტიკა.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში აშშ-ს არაერთხელ დასდეს ბრალი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში, მათ შორის კარიბის ზღვაში ნარკოკარტელების კუთვნილი ნავების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის გამო.

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაუსრულებლად გვესმოდა ბრალდებები, თითქოს ამერიკა საერთაშორისო წესებსა და ნორმებს არღვევს. ეს ეხებოდა როგორც ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ისე საზღვრის კონტროლს და იმასაც კი, რასაც სისტემურ რასიზმს უწოდებენ. ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს სამართლიანობის რაიმე რეალურ, მაღალ სტანდარტთან. ეს იმ ადამიანების ქმედებაა, რომლებიც გლობალური მმართველობის ოფიციალურ ორგანოებს აკონტროლებენ. საქმე გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებების ფართო ქსელთან, რომელშიც საერთაშორისო აქტივისტები და ბიუროკრატები არიან დასაქმებული, მათ მხარს უჭერენ მფარველები როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში. ამ გლობალური ელიტისთვის საერთაშორისო სამართალი ნეიტრალური წესების ერთობლიობა არ არის. ის ინსტრუმენტია, რომელსაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად, უნივერსალური პრინციპების დაცვის სახელით იყენებენ. მაგალითად, ისინი დემოკრატიის მტკიცე დამცველებად გვევლინებიან, მანამ, სანამ რომელიმე არჩევნების შედეგი მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე ლექციებს გვიკითხავენ, მაშინ როდესაც ქვეყნებისგან საზღვრებზე კონტროლის დათმობასა და საიმიგრაციო კანონების არარჩეული საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადაბარებას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ იმპერიალიზმის, დაპყრობისა და ბატონობის წინააღმდეგი არიან, თუმცა ამავე დროს დედამიწის ყველა ქვეყანასა და მთავრობაზე ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ.

სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – სანქციები დაეწესებინა ე.წ. „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის.” ეს არის არარჩეული საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც აცხადებს, რომ სუვერენული სახელმწიფოების კანონებსა და კონსტიტუციებზე მაღლა დგას, მათ შორის იმ ქვეყნების კანონებსა და კონსტიტუციებზეც, რომლებსაც ამ სასამართლოს შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამერიკელები არასოდეს დათანხმებულან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, თუმცა ამ სასამართლომ და მისმა მოკავშირეებმა გლობალურ ბიუროკრატიაში თავი საერთაშორისო წესრიგის მოსამართლეებად, მსაჯულებად და აღმასრულებლებად დანიშნეს. მათ მიაჩნიათ, რომ ყველას მართვის უფლება აქვთ, თუმცა თავად არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მათ აქვთ ძალაუფლება, გამოიძიონ, სისხლისსამართლებრივი დევნა აწარმოონ, დევნონ და დააპატიმრონ ჩვენი მოქალაქეები იმ კანონების საფუძველზე, რომელთა მიღებაზეც თანხმობა არ მიგვიცია და რომლებსაც ჩვენ არ ვაკონტროლებთ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ სცადონ, მაგრამ თუ იმდენად გაუაზრებელ ნაბიჯს გადადგამენ, რომ ამერიკელებზე თავიანთი ქაღალდზე დაწერილი დადგენილებების აღსრულებას შეეცდებიან, ჩვენი პასუხი, ალბათ, რომაელი მხედართმთავრის, პომპეუსის სიტყვების მსგავსი იქნება. ერთხელ პომპეუსმა მათ, ვინც თავისი ქალაქების კანონებით მისი ლეგიონების შეჩერებას ცდილობდა, უთხრა: „შეწყვიტეთ კანონების შეხსენება ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელში მახვილები უჭირავთ“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, საერთაშორისო სამართლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იმ პროცესებს ჰგავს, რომლებსაც ამერიკა ქვეყნის შიგნითაც აწყდება. რუბიომ გააკრიტიკა სასამართლოები, რომლებიც, მისი შეფასებით, სამართალს საკუთარი შეხედულებების შესაბამისად განმარტავენ, ასევე აკადემიური წრეები და მედია.

„ამ ადამიანებისთვის კანონის, როგორც ამერიკული, ისე საერთაშორისო სამართლის, მთავარი დანიშნულება შეერთებული შტატების დასუსტებაა. მათ სურთ, შეარყიონ ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, მოქმედების შესაძლებლობა და ხელი შეუშალონ ამერიკის მთავრობას, დაიცვას ქვეყნის ინტერესები როგორც მის საზღვრებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი გვეუბნებიან, რომ თითქოს წმინდა სამართლებრივი ვალდებულება გვაკისრია, დავთმოთ ჩვენი ძალაუფლება და სუვერენიტეტი, დავემორჩილოთ ჩვენი მტრების სურვილებს, დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქები ძალადობრივმა ქაოსმა მოიცვას და ქვეყანაში ნებისმიერი უცხოელი მივიღოთ, რომელიც ჩვენს საზღვარს ნებართვის გარეშე მოადგება. მათ სურთ, ჩვენი ქალაქები მთელი პლანეტის ლტოლვილთა ბანაკებად ვაქციოთ. ჩვენი საზღვრების მიღმაც გვარწმუნებენ, რომ მეტოქეებს ჩვენს წინააღმდეგ დაუსჯელად მოქმედების უფლება უნდა მივცეთ და რომ მათ, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკები, დანაშაული და სიკვდილი შემოაქვს, მხოლოდ თავაზიანი პროტესტით უნდა ვუპასუხოთ. ჩვენი ისტორიისა თუ ნებისმიერი სხვა დიდი ქვეყნის ისტორიაში არაფერია ისეთი, რაც გვავალდებულებს, ამ აბსურდული იდეების ავტორიტეტი ან ლეგიტიმურობა ვაღიაროთ“,- აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საბჭოთა კომუნიზმის დამარცხების მიუხედავად, მარქსისტული იდეები კვლავ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კომუნიზმის ინსტიტუტი დავამარცხეთ, მარქსის სულისკვეთებაზე გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ის კვლავ ცოცხლობს და ახალ ფორმებსა და დოქტრინებში განაგრძობს არსებობას. მისი მიზანია, ეროვნული ნება მსოფლიოს საერთო, მდარე კონსენსუსს დაუქვემდებაროს. მარქსიზმი ადამიანებს შორის განსხვავებების მოსპობას ცდილობდა, ჩვენი დროის რადიკალები კი თავად ერებს შორის განსხვავებების გაუქმებას ცდილობენ”,- აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, თანამედროვე პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი საკითხია, აქვთ თუ არა ამერიკელებს უფლება, იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა ერმა და ჰყავდეს მთავრობა, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავს.

„მათ სურთ გვაფიქრებინონ, რომ ამერიკას და, უფრო ფართოდ, დასავლურ სამყაროს, ისეთი ისტორიული დანაშაული აქვს, რომლის გამოსყიდვაც მხოლოდ სრული კაპიტულაციით არის შესაძლებელი – საზღვრების გახსნით, საკუთარ კანონებზე უარის თქმით, მსოფლიოდან უკან დახევით და მათთვის ჩვენი საზოგადოების საკუთარი შეხედულებების მიხედვით გარდაქმნის შესაძლებლობის მიცემით“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

თარგმანი "საზოგადოებრივი მაუწყებელი"