პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებული ვართ, გამოვავლინოთ და აღვწეროთ ეს საფრთხე, აღვადგინოთ ჩვენი ანტიტერორისტული არქიტექტურა მის დასამარცხებლად, ისევე როგორც ეს წარსულში ერთად გაგვიკეთებია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუბიოს თქმით, მემარცხენე ტერორიზმის დამარცხება უნდა შეძლონ ერთად, სადაზვერვო მონაცემებისა და ინფორმაციის გაზიარებით, კოორდინირებული სამართალდამცავი სტრატეგიით, ფინანსური მიზანმიმართული დარტყმებითა და საქმიანობის ჩაშლით.
„ჩვენ ამ ქსელებს აგურ-აგურ დავშლით. დროა, ცივილიზებული სამყაროს ხალხმა თავი დავიცვათ, ერთად დავდგეთ ამ მოახლოებული სიბნელის წინააღმდეგ და ვიბრძოლოთ — ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ჩვენია. დიდი საქმეების განადგურება ადვილია, მათი შექმნა კი – ბევრად უფრო რთული. ცივილიზაციის მტრებს მხოლოდ პირველი ხელეწიფებათ, მათ მხოლოდ დიდებული მიღწევების ნგრევა შეუძლიათ. მათ მხოლოდ ნგრევა იციან, მაგრამ ჩვენ ერთად დიდი რამ შეგვიქმნია. ეს არაერთხელ გაგვიკეთებია. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ახლა ეს უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, ვაშინგტონში მიმდინარე „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.










