თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის, სახელდებისა და სიმბოლიკის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიების წევრმა ქეთევან ჭავჭანიძემ 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
ქეთევან ჭავჭანიძემ ანგარიშის წარდგენისას ფრაქციასა და კომისიებში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოში თავისი აქტივობა მიმოიხილა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში თავის საქმიანობაზე საუბრისას ქეთევან ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 13 სხდომა, რომლებზეც კომისიის წევრებმა 162 საკითხი განიხილეს.
„შეიქმნა 1000-ზე მეტი წერილობითი კორესპონდენცია, აქედან უშუალოდ სახელდებაზე მომართვიანობას 300-მდე განცხადება შეეხო. გამოიცა 74 განკარგულება, კომისიის სხდომებს დაესწრო 100-ზე მეტი მოქალაქე, ათობით გეოგრაფიული ობიექტის დათვალიერება ადგილზე მოხდა, სატელეფონო კონსულტაცია კი რამდენიმე ასეულ მოქალაქეს გაეწია“, - ნათქვამია ანგარიშში.
საკრებულოს წევრმა ასევე ვრცლად მიმოიხილა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგად თბილისში არსებულ გეოგრაფიულ ობიექტებს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეების, სპორტსმენების, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა და აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების და საზოგადო მოღვაწეების სახელები მიენიჭა.
საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაში განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას ქეთევან ჭავჭანიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ ორგანიზებულ სხდომებსა და განხილულ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა დედაქალაქში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედ 39 პროგრამა-ქვეპროგრამაზე, რომლებსაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.
ამასთან ერთად, ქეთევან ჭავჭანიძემ ვრცლად მიმოიხილა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა.
ანგარიშში ცალკე თავი თბილისში უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხს მიეძღვნა, რომლის თანახმად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა სულ 168 მიუსაფარმა პირმა. მათგან, ქალი 57 იყო და მამაკაცი - 111. 39 უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახს სარგებლობის უფლებით გადაეცა გარემონტებული ბინა. თბილისის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისიამ განიხილა 1114 ოჯახის განცხადება, დადებითი რეკომენდაცია გაიცა 158 ოჯახზე.
ქეთევან ჭავჭანიძემ თავის ანგარიშში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მუშაობაც მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეებთან შეხვედრების და კონსულტაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.













