აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწვევით, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მარკო რუბიომ დამსწრეთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, და ხსენებული თარიღის, საზეიმო ვითარებაში, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად აღნიშვნის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მიღება „ამერიკა 250“-ის პროექტის ფარგლებში იქნა ორგანიზებული და ერთიანობისა და თავისუფლების ფასეულობების სულისკვეთებას ასახავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები, მათ შორის აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და კომერციის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი.