აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგავს მოთმინებას და სურვილს, დაელოდოს რუსეთის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში ისაუბრა.
რუბიომ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრები გაიხსენა რომლებმაც უშედეგოდ ჩაიარა.
"ტრამპი მოთმინებას კარგავს, ის კარგავს სურვილს, დაელოდოს, რომ რუსული მხარე რაიმეს გააკეთებს ამ ომის დასასრულებლად. ეს მისი ომი არ არის, მაგრამ მას მისი დასრულება სურს," - თქვა რუბიომ.
რუბიოს თქმით, რუსეთს უბრალოდ დრო გაჰყავს.
"ის არ მისცემს უფლებას ამ ხაფანგში გააბან. ის არ აპირებს დაუსრულებლად ილაპარაკოს", - თქვა რუბიომ.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ტომ აშშ-ის რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას მის მიერ გამოცხადებული 50-დღიანი ვადის ამოწურვამდე არ გამორიცხავს.
"ჩვენ მთელ ამ სიტუაციას განვიხილავთ. შესაძლოა, მათ წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება მოგვიწიოს", - თქვა მან.