საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონის თქვა, რომ საფრანგეთი იზიარებს აშშ-ს სურვილს, უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ტრამპს რუსეთის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მაკრონმა 24 თებერვალს Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.
მაკრონმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავი იყო.
"უპირველეს ყოვლისა, აქ მოსვლა მსურდა, რათა მეგობრობისა და აშშ-სა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელობის გზავნილი გადმომეცა. მეორეც, იმის სათქმელად, რომ კარგი, ჩვენ მშვიდობა გვსურს. ვთანხმდებით. მშვიდობა გვსურს და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ძალიან დადებითია, თუმცა ჩემი გზავნილი იყო, რომ მეთქვა, ფრთხილად იყავი, რადგან რაღაც სუბსტანციური გვჭირდება უკრაინისთვის, ასევე ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებისთვის. ამასთან, მოდით, მომავლისთვის ერთად ვიმუშაოთ, რათა უსაფრთხოების გარანტიები შევინარჩუნოთ, ანუ უზრუნველვყოთ, რომ ამ მშვიდობას რუსეთი პატივს სცემს". - თქვა მაკრონმა.
მაკრონმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აქამდე არაერთხელ დაურღვევია.
"დიახ, მაგრამ სიფრთხილე არის საჭირო, რადგან 2014 წელს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვქონდა და შემიძლია, ჩემი გამოცდილებიდან გითხრათ, რადგან გერმანიასთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი ვიყავი, რუსეთმა ის ყოველ ჯერზე დაარღვია". - თქვა მაკრონმა.