გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი.

 ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975, და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში,
1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.

ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ- ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.