ემანუელ მაკრონმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ გამოცემა L'Opinion-ს, სადაც სხვადასხვა საკითხებთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა. 

ამ კონტექსტში, საინტერესო აღმოჩნდა მისი მოსაზრება რუსეთის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, რადგანაც მაკრონს აზრით, მიმდინარე ომმა, მოსკოვის პოზიციები მკვეთრად შეასუსტა.

"რუსეთმა ეს ომი გეოპოლიტიკურად უკვე წააგო. ჩინეთთან მიმართებით, დე ფაქტოდ ჩვენ სახეზე გვაქვს ურთიერთობების ვასალური ფორმა. ამასთანავე, რუსეთმა დაკარგა ბალტიაზე წვდომა."

ბალტიაზე საუბრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესს, რაც "ორი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა."

ემანუელ მაკრონის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი სამხედრო დაპირისპირებაშიც დამარცხდეს, ხოლო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურამ, სრულფასოვნად შეძლოს უკრაინის დაცვა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან არაკონფრონტაციული პოლიტიკის მნიშვნელობას და მდგრადი ძალთა ბალანსის აღდგენას.

"რუსეთმა სამხედრო წარმატებას ვერ უნდა მიაღწიოს, შესაბამისად, ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავეხმარებით უკრაინას კონტრშეტევის წარმოებასა და მოლაპარაკებების დროს უსაფრთხოების გარანტიების მომზადებაში, რადგანაც ეს საკითხი, დღის წესრიგში, აუცილებლად დადგება," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარს ნონსენსი უწოდეს მოსკოვში. დმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთსა და ჩინეთს ახლო და სპეციფიკური ურთიერთობები აქვთ.

"აბსოლუტურად არ ვიზიარებთ ამ პოზიციას, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ეს განცხადება დასტურია იმის, რომ მიმდინარე მოვლენები აბსოლუტურად არასწორადაა გაგებული"- განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.