აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გამოწერეს საავადმყოფოდან ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, რომელიც პროსტატის კიბოს ოპერაციის შემდგომმა გართულებებმა გამოიწვია. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
„მდივანი აგრძელებს გამოჯანმრთელებას. ექიმების რჩევით, ძალების აღსადგენად, ის დისტანციურად შეასრულებს თავის მოვალეობებს პენტაგონში დაბრუნებამდე... მას სრული წვდომა აქვს საჭირო უსაფრთხო კომუნიკაციებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ექიმების თქმით, ოსტინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ეროვნულ ცენტრში ყოფნის პერიოდში.
„მას ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო ტესტი და გამოკვლევა, ასევე მიიღო არაქირურგიული დახმარება..., კერძოდ, ფეხების ხანგრძლივი ტკივილის შესამსუბუქებლად. გეგმური ფიზიოთერაპიით და რეგულარული მონიტორინგით გაწერეს სახლში. ველით მდივნის სრულ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია ექიმების - ჯონ მედოქსისა და გრეგორი ჩესნატის განცხადებაში.
პენტაგონში განაცხადეს, რომ პროსტატის კიბოს მკურნალობა ოსტინმა ადრეულ ეტაპზე დაიწყო და პროგნოზები და მისი გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად წარიმართა. მათივე ცნობით, ოსტინისთვის კიბოს შემდგომი მკურნალობა, რეგულარული მონიტორინგის გარდა, საჭირო არ არის.
ლოიდ ოსტინი 1-ელი იანვრიდან იყო ჰოსპიტალიზებული.