აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ამერიკა უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამის შესახებ მან „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ ის პირობები, რომელშიც უკრაინის არმია იბრძვის, უკიდურესად რთულია. სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული დრონების თავდასხმების შედეგად იტანჯება. ამიტომ ჩვენი დღევანდელი გზავნილი საკმაოდ ნათელია. აშშ უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს. ამას ჩვენი კოალიცია და თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს“, - განაცხადა ოსტინმა.
მისი ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 315,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინას ის რესურსები მივაწოდოთ, რომელიც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.