აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელიც შარდის ბუშტის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამსახურში დაბრუნებას 13 თებერვალს შეძლებს. ამის შესახებ პენტაგონის მიერ 12 თებერვალს გამოქვეყნებულ უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ.
საავადმყოფოს ექიმებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა "გაიარა არაქირურგიული პროცედურები, ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, შარდის ბუშტის პრობლემის მოსაგვარებლად."
"ჩვენ ველით წარმატებულ გამოჯანმრთელებას და ყურადღებით დავაკვირდებით მას მთელი ღამის განმავლობაში. საავადმყოფოში ხანგრძლივი ყოფნა მოსალოდნელი არ არის. ველოდებით, რომ მინისტრი ხვალ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას," - ნათქვამია განცხადებაში.
მათ დაამატეს, რომ შარდის ბუშტის პრობლემა გავლენას არ მოახდენს ოსტინის კიბოს მკურნალობაზე.
ერთი დღით ადრე პენტაგონის ხელმძღვანელი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მან თავისი უფლებამოსილებები მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა.
ექიმები ჯერ არ ამბობენ რამდენ ხანს დარჩება ოსტინი საავადმყოფოში. მან უკვე გააუქმა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისთვის უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ოსტინი გასულ თვეში საავადმყოფოში უკვე იმყოფებოდა ოპერაციის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო, რის შემდეგაც მას პროსტატის კიბო დაუდგინეს.
ამის შემდეგ, მედია დაინტერესდა პენტაგონის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რადგან ბაიდენმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა თავიდან არც კი იცოდნენ, რომ ოსტინი საავადმყოფოში იმყოფებოდა.