ლიბიაში ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე, 2 000 ადამიანი დაიღუპა. იუწყება Reuters.

ლიბიის აღმოსავლეთის მთავრობის მეთაურმა, ოსამა ჰამადმა განაცხადა, რომ 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სანაპირო ქალაქ დერნაში.

ლიბიის ეროვნული არმიის წარმომადგენლის აჰმედ ალ-მისმარის განცხადებით კი, 6 ათასამდე ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული.

ქარიშხალმა „დანიელმა“ გაანადგურა ათასობით შენობა დერნაში, დააზიანა სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებებიც, მათ შორის, ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქი ბენღაზი.

გადაუღებელი წვიმების გამო რეგიონში დაიკეტა აეროპორტები და საზღვაო პორტები. ქალაქები სუსა და დერნა სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ქალაქებში, რომლებიც წყალდიდობამ ძლიერ დააზარალა, კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.