რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციირებულ "მშვიდობის საბჭოს" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას, მაშინ რუსეთი მას მიესალმება. 

"ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა 50 ქვეყანა მიიწვია "მშვიდობის საბჭოში" მიუთითებს, რომ მას ესმის ეს პრობლემა, როგორც ნებისმიერი სხვა პრობლემა, მხოლოდ ერთის მიერ ვერ მოგვარდება, როგორ რეალისტურადაც არ უნდა ჩანდეს ყველაფრის დამოუკიდებლად, ერთ ღამეში მოგვარება. "მშვიდობის საბჭოს" შექმნა იმის მაგალითად, რომ ვაშინგტონი აღიარებს კოლექტიური ძალისხმევის საჭიროებას. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სახელმწიფოთა ამ ჯგუფს, რომელიც "მშვიდობის საბჭოზე" მიიწვიეს, შეუძლია რეგიონის სტაბილიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, გაეროს რელევანტური გადაწყვეტილებების დანერგვით, მაშინ, რუსეთი მას სასარგებლოდ მიიჩნევს" – ამბობს ლავროვი. 

საბჭოს წევრებად ტრამპმა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც მიიწვია.

Bloomberg-ის მიერ ნანახი "მშვიდობის საბჭოს" წესდების პროექტის მიხედვით, ტრამპი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იქნება და სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ გახდება ჯგუფის წევრი. ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია გადაწყვეტილებების უმრავლესობით მიღების პრინციპიც - თითოეულ წევრ სახელმწიფოს ერთი ხმა ექნებოდა - თუმცა ყველა მათგანი თავმჯდომარის დამტკიცებას დაექვემდებარება.