უკრაინის საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებებში ყველა შესაძლო გაუგებრობა აღმოფხვრილია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის დროს განაცხადა.

"ახლა, უკრაინის საკითხზე ამერიკელებთან ჩვენი მოლაპარაკებების დროს, პირადად მე მჯერა, რომ გაუგებრობები აღმოფხვრილია", – აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა და აშშ-მა ალასკის სამიტის დროს მიაღწიეს ურთიერთგაგებას კიევის ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით.

"იქ მიღწეულ იქნა ურთიერთგაგება, რომელიც ჩვენთვის ინარჩუნებს თავის აქტუალობას და შესაძლოა, იყოს ამოსავალი წერტილი დარეგულირების პროცესში. ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩვენთან აქ იყო პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, პრეზიდნეტ პუტინთან მისი შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ, რუსულმაც და ამერიკულმაც დაადასტურა ალასკაში მიღწეული ურთიერთგაგება… ამ ურთიერთგაგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინა უნდა დაუბრუნდეს თავისი სახელმწიფოებრიობის ბლოკგარეშე, ნეიტრალურ, არაბირთვულ საწყისებს", – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი გულწრფელად ცდილობს უკრაინის კონფლიქტის პოლიიტკურ-დიპლომატიური გზებით მოგვარებას. ამას გარდა, როგორც ლავროვი ამბობს, ევროპაში არავინ საუბრობს უკრაინის კრიზისის საწყისი მიზეზების მოგვარებაზე.

"ევროპაში არავინ ახსენებს საწყის მიზეზებს და ითხოვს მხოლოდ ერთს: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედებები, მოგვეცით უკრაინას და ჩვენ, ევროპელებს, ამოსუნთქვის, დროის მოგების საშუალება, რომ ცოტათი მაინც დავუჭიროთ მხარი კიევის რეჟიმს იარაღითა და ფულით", – თქვა ლავროვმა.