რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების ვერცერთ ვარიანტს ვერ განიხილავს. 

კატარში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვაშინგტონში ვიზიტს გამოეხმაურა. 

"ჩვენ ვერანაირ ვარიანტს ვერ განვიხილავთ. არ ვიცი, რას ამბობდა მაკრონი. მან ვაშინგტონში თავისი როლი ძალიან არადამაჯერებლად ითამაშა". - თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სამშვიდობოების განლაგების საკითხზე საუბრისას რუსულ და უკრაინულ მხარეებს გულისხმობდა.

"როგორც წავიკითხე, ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო ძალების განლაგების გადაწყვეტილება მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი". 

ლავროვის თქმით, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, რუსეთსა და უკრაინას გულისხმობდა. "ჩვენ ამის შესახებ არავინ გვეკითხება". - აღნიშნა ლავროვმა.

"ევროპელების, პირველ რიგში საფრანგეთის, ასევე ბრიტანელების მიერ თავსმოხვეული მიდგომა ისევ კონფლიქტის გამწვავებასა და მისი დასრულების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას ემსახურება". - განაცხადა ლავროვმა.