დღეს ლატვიის სეიმის უმრავლესობამ ქალთა საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ბრძოლის შესახებ სტამბოლის კონვენციას.

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას მხარი კოალიციურმა პარტიების წევრმა 51-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციური პარტიების წევრი დეპუტატების უმრავლესობას კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არცერთი მოსმენის დროს არ მიუღია.

კონვენცია ძირითადად მიზნად ისახავს ქალების დაცვას, რადგან ის მოიცავს ძალადობის ტიპებს, რომლებსაც მხოლოდ ქალები განიცდიან (იძულებითი აბორტი, სასქესო ორგანოების დასახიჩრება) ან რომელსაც ქალები განიცდიან ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები (სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, თვალთვალი, სექსუალური შევიწროება, ოჯახში ძალადობა, იძულებითი ქორწინება, იძულებითი სტერილიზაცია), მაგრამ ასევე წაახალისებს მისი დებულებების გავრცელებას ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლზე, მათ შორის მამაკაცებსა და ბავშვებზე.

სეიმში მოსმენის დროს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერი გამოცემულია 4000 მამაკაცზე, მაგრამ მათგან 500-550 უგულებელყოფს მას.  

სტამბოლის კონვენციას, რომელიც ღია ხელმოწერისთვის 2011 წლის 11 მაისიდან, ლატვიამ  ხელი 2016 წლის ივნისში მოაწერა, მისი რატიფიცირება კი ამ დრომდე არ ხერხდებოდა მასში გენდერული კონცეფციის შესახებ არსებული ჩანაწერის მოწინააღმდეგეთა პოზიციის გამო. 

სტამბოლის კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წლის ივნისში მოაწერა, მოლდოვამ 2017 წლის თებერვალში, უკრაინამ კი 2011 წლის ნოემბერში. კონვენციის რატიფიცირება საქართველოში  2017 წლის მაისში მოხდა, მოლდოვაში 2021 წლის ოქტომბერში, უკრაინაში კი 2022 წლის ივნისში.

სტამბოლის კონვენცია დღემდე არ აქვთ რატიფიცირებული ბულგარეთს, ლიეტუვას სლოვაკეთს, უნგრეთს და ჩეხეთს და აგრეთვე სომხეთს. თურქეთმა კონვენციის რატიფიცირებას 2012 წელს დაუჭირა მხარი, 2021 წელს კი დენონსირების შესახებ გამოსცა აქტი.