ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა შეცდომა უწოდა ესტონეთის გადაწყვეტილებას, ლატვიასა და ლიეტუვასთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე ჩაეკეტა სატრანსპორტო მიმოსვლა რუსეთთან საზღვარზე. მისი შეფასებით, ასეთი ზომები მხოლოდ ბალტიის სამივე სახელმწიფოს მიერ ერთდროულად უნდა მიღებულიყო.
კულბერგსმა ივარაუდა, რომ ესტონური მხარის გადაწყვეტილებაზე ქვეყანაში არსებულმა წინასაარჩევნო გარემომ იმოქმედა. საზღვრის დამოუკიდებლად ჩაკეტვას ლატვია დაუფიქრებელ ნაბიჯად მიიჩნევს.
ამჟამად რიგა, პირიქით, თავის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ნაკადის ზრდას ელის. ლატვიის ხელისუფლება შემდგომი მოქმედებების ოთხ შესაძლო სცენარს სწავლობს, თუმცა პრემიერმა დეტალები არ გაამხილა.
თავისი პოზიციის ახსნისას კულბერგსმა ყურადღება გაამახვილა აზიის ქვეყნებიდან და აშშ-დან პარტნიორების ტვირთებზე, რომლებიც ლატვიის გავლით გადაადგილდება. მისი თქმით, რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ამ გადაზიდვების გათვალისწინება აუცილებელია.
პრემიერი ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს რუსული მარცვლეულის ტრანზიტის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებითაც. "ამ კვირაში მთავრობას მისი გადაზიდვის შესაძლო აკრძალვის საკითხი არ განუხილავს", — განაცხადა კულბერგსმა.
მან დასძინა, რომ ლატვია, უკრაინასთან ერთად, სწავლობს საკუთარი ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობებს უკრაინული მარცვლეულის გასატანად. კულბერგსს არ დაუკონკრეტებია, თუმცა უახლოეს მომავალში დიდი სიახლეები დააანონსა.




