ლატვიის მთავრობა "დერუსიფიკაციის დეკლარაციის" მომზადებასა და მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია ანდრიუს კულბერგსის ხელმძღვანელობით ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს გამოცემა Delfi-მ მიაქცია ყურადღება.
ამ დეკლარაციის მეშვეობით ხელისუფლებას სურს, შექმნას სამართლებრივი საფუძველი საჯარო სივრცეში რუსული ენის გამოყენების შესაზღუდად. კონკრეტულად რა ზომები შეიძლება იქნეს შემოღებული და რა ფორმით აპირებენ მათ კანონმდებლობაში გამყარებას, ჯერჯერობით არ ზუსტდება. თუმცა აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს მეცნიერების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და სოციოლინგვისტების რეკომენდაციები.
დეკლარაცია ასევე მოწოდებული იქნება, გაამყაროს ლატვიური ენის, როგორც ქვეყანაში ერთადერთი სახელმწიფო ენის პოზიციები. მთავრობა გეგმავს მისი გამოყენების გაფართოებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საინფორმაციო სივრცესა და სამუშაო ადგილებზე. ხელისუფლება ცალკე ჰპირდება მხარდაჭერას იმ მედიასაშუალებებსა და სხვა გამოცემებს, რომლებიც მასალებს მხოლოდ ლატვიურ ენაზე აქვეყნებენ.
Delfi აღნიშნავს, რომ ლატვიის ახალ მთავრობაში შემავალი პარტია "ეროვნული გაერთიანების" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია "დერუსიფიკაციის დეკლარაციის" პროექტი, რომელიც, გამოცემის ვარაუდით, საფუძვლად დაედება სამთავრობო დოკუმენტს. მასში ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება ატარებდა ლატვიური ეროვნული იდენტობისა და ლატვიური ენის პოზიციების შესუსტების მიზანმიმართულ პოლიტიკას. დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენას თავისთავად არ აღმოუფხვრია სსრკ-ის ამ პოლიტიკის ყველა შედეგი. ენობრივი საკითხი ასევე უკავშირდება ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებასა და რუსეთის გავლენას.




