აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარგზავნილმა, ჯარედ კუშნერმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უკრაინის მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე მოლაპარაკებების პირველ დღეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას დაუჭირა მხარი.
"საუბარია იმაზე, თუ როგორ შევძლებთ უკრაინას, რუსეთსა და ევროპას შორის უსაფრთხოების სფეროში სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რათა არა მხოლოდ დავასრულოთ ეს ომი, არამედ ახალი ჩარჩოებიც შევქმნათ", - ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის სიტყვებს სააგენტო AFP. კუშნერის თქმით, წარმატების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მშვიდობის უზრუნველყოფა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში".
10 ნოემბერს, რუსეთისა და უკრაინის შეხვედრამდე, აბუ-დაბიში კონსულტაციები გამართეს კიევის, ევროკავშირის, აშშ-ისა და NATO-ს წარმომადგენლებმა. ამ განხილვების შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი სამომავლო შეთანხმება უნდა გაფორმდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პირობით, ასევე ამ ქვეყნისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გათვალისწინებით.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან "ძალიან დიდი" შეთანხმება დააანონსა, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას შეეხება. ამასთან დაკავშირებით ევროპელებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შესაძლოა, ზურგს უკან დაედოთ რაიმე სახის შეთანხმება ევროპული უსაფრთხოების შესახებ, აღნიშნავს AFP.
გარდა ამისა, 9 ნოემბერს ტელეარხ CBS News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ომი უკრაინაში მალე დასრულდება და მისი დასრულების შემდეგ უკრაინას შესაძლოა, ოდნავ განსხვავებული ფორმა ჰქონდეს. ამან დამკვირვებლებში გამოიწვია შიში, რომ ომის შედეგების მიხედვით, კიევს მოუწევს მოსკოვისთვის იმ უკრაინული ტერიტორიების დათმობა, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.




