აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მოლოდინები, თითქოს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ მხსნელად მოევლინება, "მთლიანად მცდარია". ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში ეთანხმება "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში არსებული კონფლიქტების პირობებში "სავაჭრო მონეტადაც აღარ ითვლება", რომელსაც რუსეთს მიუგდებენ. კურტ ვოლკერი ანაკლიის ჩაშლილ პროექტს იხსენებს, სადაც ამერიკული ინვესტიციები უნდა შემოსულიყო და იმასაც ამბობს, რომ ტრამპის რეაქცია მკაცრი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის გლოვისას "ჰამასის" და "ჰეზბოლას" ლიდერების გვერდით იდგა.

"დაუჯერებელია, თუ რამდენად შორს წავიდა "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის სურვილების წინააღმდეგ. მათ მთლიანად ჩახსნეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, NATO-ზე კი საერთოდ აღარაფერს ამბობენ. აშშ-ს და დასავლეთს "გლობალური ომის პარტია" უწოდეს, რუსეთისთვის სასარგებლო ყველა ნაბიჯს აქტიურად უჭერენ მხარს და ძირეულად ანგრევენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

"ქართული ოცნების" მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად "ანტიამერიკული" განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი - ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება",- ამბობს ვოლკერი.