უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების კომპლექსური სტრატეგიის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც "европейская правда" წერს, კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა, ბალტიის ზღვის მსგავსად, NATO–ს ზღვად უნდა იქცეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ როგორ სწრაფად შეიძლება სიტუაციის გაუარესება, თუ საფრთხეებს უგულებელყოფ.
"საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ერთიმეორის მიყოლებით მიმართავდა სასტიკ შეტევებს. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს საკუთარი სიმართლე აქვთ. მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის და საბოლოო მიზანი იყო მორიგი იალტის კონფერენციის ჩატარება, რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო", - განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის მისდევდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას.
"როცა შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO–ს კარი დახურა, 2008 წელს რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას", – განაცხადა კულებამ.
იგი მიიჩნევს, რომ "ვილნიუსში NATO–ს წლევანდელი სამიტი წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად სწორი დროა".