ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

AfD-ის მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიად კლასიფიკაციის შესახებ იურიდიულ დავაში, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა „თავის შეკავების ვალდებულება“ აიღო. კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისი  საჯაროდ აღარ მოიხსენიებს AfD-ს, როგორც „დამკვიდრებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციას“, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამასთან, დაზვერვის სამსახურმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა AfD-სთან სამართლებრივ დავაში. ეს ნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანამდე AfD-ს შეიყვანენ არა ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში, არამედ მხოლოდ ეჭვმიტანილთა სიაში.  

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიესალმა გადაწყვეტილებას:

„ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია ჩვენი გამართლებისა და მემარჯვენე ექსტრემიზმის ბრალდებების უარყოფისკენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რათა დავიცვათ თავი კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის მიერ სიტუაციის გასაუმჯობესებლად მიღებული ზომებისგან“, - განაცხადეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფედერალურმა წარმომადგენლებმა ტინო ხრუპალამ და ალის ვეიდელმა.  

გერმანული მედია წერს, რომ სასამართლოში საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე შეიძლება რამდენიმე წელიც კი გავიდეს. 

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის მიერ AfD-ს  მემარჯვენე ექსტრემისტულად კლასიფიცირების შემდეგ, ბუნდესტაგში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატმა ბადენ-ვიურტემბერგიდან, ზიგჰარდ კნოდელმა, ფრაქცია დატოვა. პარტიის ლიდერებმა მას მანდატზე უარის თქმისკენ მოუწოდეს, თუმცა კნოდელი ბუნდესტაგში დარჩა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. ამჟამად ბუნდესტაგში AfD-ს 151 დეპუტატი ჰყავს, არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს და ბავარიის ქრისტიან-სოციალურ კავშირს ერთობლივად კი 208 დეპუტატი.