აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, გენერალი კიტ კელოგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ინიციატივა, კერძოდ აშშ-სთან დადებული ე.წ. "დიზელის გარიგების" გამო, მოსკოვის მხარეს გადადის. ამის შესახებ მან ვარშავის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და უკრაინელ სამხედროებს ურჩია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, რუსული ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების განადგურება გააგრძელონ.
საკუთარი პოზიცია კელოგმა იმით ახსნა, რომ "დიზელის შეთანხმების" შემთხვევაში, მისი თვალსაზრისით, საუბარია საწვავის უკიდურესად მცირე მოცულობის მიწოდებაზე. "ეს გარიგება უფრო მეტად აშშ-ის შიდა მიზეზებით არის განპირობებული და მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ რაღაც ქმედებები ხორციელდება", - განმარტა ამერიკელმა გენერალმა.
იგი ასევე არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თეთრი სახლის ლიდერმა "უკრაინას უღალატა". მისი აზრით, ევროპაში ისინი, ვინც ასე ფიქრობს, ცდებიან. შესაბამის კითხვაზე გენერალმა კელოგმა საპასუხო რიტორიკული კითხვით უპასუხა: "რატომ ყიდულობს ევროპა კვლავ თავისი ნავთობის 3%-ს რუსეთისგან? რატომ მოდის თხევადი ბუნებრივი აირის 15% კვლავ რუსეთიდან? ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენც უღალატეთ უკრაინას?"
ტრამპის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში აღიარა, რომ ვითარების შეუცვლელობის შემთხვევაში, კიევმა შესაძლოა, ომი წააგოს. "მაგრამ, უბრალოდ განზე დგომა არ შეიძლება. დანებება არ შეიძლება, - დარწმუნებულია იგი. - სწორედ ამას ესწრაფვის პუტინი: რომ ხელები ჩამოუშვათ“.
ამასთან, კიტ კელოგმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნაბიჯებს, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთს თავისი ქმედებებისთვის სულ უფრო დიდ საფასურს ახდევინებს.
კითხვაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს კიევმა დონალდ ტრამპის მოწოდებებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ, არ მიიტანოს იერიშები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, ამერიკელმა გენერალმა მოკლედ უპასუხა: "დაწვით ქარხნები".




