კიევსა და მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით ორივე ქვეყანას იდეების სამი კრებული წარუდგინა და ახლა მათგან პასუხს ელოდება.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანას „აბსოლუტურად იდენტური“ იდეების სამი კრებული წარუდგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, იდეების პირველი ნაწილი ეხება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიას შეერთებული შტატების მიერ „ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ტენდენციის კონტექსტში“.
მეორე ნაწილი ეხება, რით შეიძლება იყოს სასარგებლო ეუთო სამშვიდობო პროცესის დროს ან რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ.
„ჩვენ გვაქვს ექსპერტიზა, გამოცდილება და, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ არსებობს ნდობის ნაკლებობა რამდენიმე წლის წინ სადამკვირვებლო მისიასთან არსებული გამოცდილების გამო“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.
იგნაციო კასისის თქმით, მესამე ნაწილი ეხება, თუ რა რეფორმებია საჭირო ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, რათა „იყოს უფრო ღია, მოუსმინოს, ისაუბროს სხვებზე და მხოლოდ მონოლოგებში არ დარჩეს“.
„ორივე მხარე ღია იყო ამ იდეების განსახილველად და ახლა მათგან გამოხმაურებას ველოდებით. რა თქმა უნდა, ეს ერთად განვიხილეთ, მაგრამ ახლა უნდა დაფიქრდნენ, შიდა სივრცეში განიხილონ საკითხი და შემდეგ ვენაში არსებული მათი მისიების მეშვეობით უკუკავშირი განახორციელონ, რათა ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეძლოს“, – განაცხადა იგნაციო კასისმა.
თარგმანი: პირველი არხი










