კიევის მახლობლად საწყობები იწვის და აფეთქებების ხმა ისმის; არიან დაღუპულები და დაშავებულები, - იუწყება უკრაინული მედია.

კიევის ოლქის ბუჩას რაიონის სოფელ მილაში საწყობში რუსული თავდასხმის და შემდგომ აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ასევე დაზიანდა სახანძრო მანქანა და მოხუცებულთა სახლი.

სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს წინასწარი გამოძიება შესაძლო სამსახურებრივი დაუდევრობის ფაქტზე. გამოძიება შეისწავლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და მასალების განთავსებისა და შენახვის კანონიერებას, ნებართვების არსებობას და ჩართული თანამდებობის პირების ქმედებებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელისგან მიღებული იყო ინფორმაცია კიევის ოლქის ბუჩას რაიონში მტრის დარტყმის შესახებ, სადაც დარტყმის შემდეგ ხანძარი და აფეთქება მოხდა“, - ციტირებს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს Ukrainska Pravda.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ პოლიცია, მაშველები, ბომბების გამაუვნებელმყოფელი ექსპერტები და ყველა საგანგებო სამსახური. მიიღება ზომები ადამიანების დასაცავად და გადასარჩენად და საჭიროების შემთხვევაში ხდება მათი ევაკუაცია.

მისი თქმით, ვიშნევოს 6 ივლისის ღამის ტრაგედია - 9 დაღუპული ადამიანი, 300-მდე დაზიანებული სახლი და მათგან 91 მთლიანად დანგრეული - გაკვეთილად არ გამოდგა და აუცილებელია პასუხისმგებელი პირების მკაცრი დასჯა. 

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე წელს, ერთი და იგივე შეცდომების განმეორებით დაშვება კრიმინალური დაუდევრობაა. და ყველა პასუხისმგებელი პირი, გამონაკლისის გარეშე, მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ასეთი სიტუაციები აღარ განმეორდეს. მე ველოდები სამართალდამცავი ორგანოების დაუყოვნებლივ და მკაცრ რეაგირებას“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ რუსეთი კიევის რეგიონს ზედიზედ მეორე დღეა ესხმის თავს: „მტრის თავდასხმა გრძელდება. თავდასხმის ქვეშაა საწყობები, კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები“.

„ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება, რომ დაღუპულების,  დაშავებულების, ნგრევის მასშტაბისა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ