აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ონტარიოს ტბას "ამერიკის ტბა" (Lake America) უნდა ეწოდოს, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ მკაცრი პასუხი გასცა.
ონტარიოს ტბის სახელის შეცვლის ინიციატივა ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ სავაჭრო ურთიერთობებსა და ახალ შეზღუდვებს უკავშირდება. ტრამპმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ აღარ გეგმავს ონტარიოსთან ფართო საქმიანობის გაგრძელებას:
"შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და მისთვის "ამერიკის ტბის" დარქმევას, რადგან ჩვენ აღარ ველით, რომ ონტარიოსთან დიდ ბიზნესს გავაგრძელებთ".
კანადის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტბის ისტორიულ ფესვებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სახელწოდებას საუკუნოვანი ისტორია აქვს:
"სახელი ონტარიო მოდის უენდატის ენიდან, რაც შესაბამისად ნიშნავს — "ტბა ლამაზია, ტბა დიდია". ეს სახელი 400 წელზე მეტი ხნისაა, ის უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციას, ისე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციას".
კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ვაშინგტონის ცალმხრივი ნაბიჯებისა, კანადელებისთვის ეს ადგილი რჩება ისე, როგორც საუკუნეების განმავლობაში იყო:
"ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა იცვლება. მათი სავაჭრო ურთიერთობები, მათი საგარეო პოლიტიკა, მათი ეროვნული ძეგლები. კანადელებმა იციან, რომ ამ ტბას ონტარიო ჰქვია — მაშინ, ახლა და სამუდამოდ".
ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრის ეს გამოხმაურება და ორ ქვეყანას შორის დაწყებული "სიტყვიერი ომი" მოჰყვა ვაშინგტონის მიერ მიღებულ აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ოფიციალურ რუკებსა და დოკუმენტებში ონტარიოს ტბას სახელი შეეცვალა და "ამერიკის ტბა" ეწოდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლა და დაწესებული მკაცრი ტარიფები. ტრამპმა ტბისთვის სახელის გადარქმევა იმით ახსნა, რომ აშშ ტბის ეკონომიკური რესურსებისა და უსაფრთხოების დაცვაში დიდ ძალისხმევას დებს, ხოლო კანადის პოლიტიკა ამერიკისთვის უსამართლოა. კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მხოლოდ აშშ-ის შიდა უწყებებზე ვრცელდება და საერთაშორისო ძალა არ აქვს.




