ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ვაშინგტონში ათასობით ხალხს სიტყვით მიმართა არჩევნების წინ, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება.
"ეს არის ადამიანი, რომელიც არის არასტაბილური, შურისძიებითა და შეუზღუდავი ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი," - დასძინა ჰარისმა.
"ერთ კვირაში გექნებათ საშუალება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი ოჯახის ცხოვრებასა და ამ ქვეყნის მომავალზე, რომელიც ჩვენ გვიყვარს", - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მოახლოებული არჩევნები "უფრო მეტია, ვიდრე არჩევანი ორ პარტიასა და ორ განსხვავებულ კანდიდატს შორის".
"ეს არის არჩევანი იმის შესახებ, გვექნება თუ არა ქვეყანა, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე ყველა ამერიკელისთვის, თუ ქვეყანა, რომელსაც მართავს ქაოსი და განხეთქილება. დრო მოვიდა, ამერიკელი ლიდერების ახალი თაობისთვის," - თქვა ჰარისმა.