ევროკავშირი მზად უნდა იყოს სირიისთვის სანქციების შესამსუბუქებლად, თუ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს ინკლუზიური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად,  ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირმა გაგზავნა დიპლომატი ისლამისტური დაჯგუფების "ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამის" წარმომადგენლებთან შესახვედრად.

ამასთან, როგორც ევროპელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ბრიუსელში გამართულ მინისტერიალის ბევრმა მონაწილემ განაცხადა, რომ სირიამ თავიდან უნდა მოიშოროს რუსული გავლენა, მათ შორის რუსული ბაზები ქვეყანაში.

"ჩვენ გვინდა, რომ არ იყოს არანაირი ექსტრემიზმი, არანაირი რადიკალიზაცია", – აღნიშნა კალასმა. მისი თქმით, "ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი" ამჟამად "სწორ რაღაცებს აცხადებს", თუმცა დაჯგუფების შეფასება მისი ქმედებებით მოხდება.

კალასის თქმით, მან ჰკითხა ევროკავშირის მინისტრებს, ზმად არიან თუ არა, გადახედონ სასანქციო პოლიტიკას, თუკი დაინახავენ "პოზიტიურ ნაბიჯებს" სირიის ახალი ხელმძღვანელობისგან.

"ჩვენ უნდა გვქონდეს მზად გეგმა, როდესაც ვიხილავთ ამ ნაბიჯებს, ვიმოქმედოთ პოზიტიურად, რათა დავეხმაროთ სირიის განვითარებას", – განაცხადა კაია კალასმა.

"ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი", რომელიც არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დამასკოში მმართველ ძალად მოიაზრება. 2020 წელს ევროკავშირმა დაჯგუფებას მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაში, წამებასა და სიკვდილით დასჯაში დასდო ბრალი.

სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოიცავს სირიაში იარაღის ექსპორტის აკრძალვას, ქვეყნიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას, ასევე სირიის სანავთობო ინდუსტრიაში ინვესტიციების აკრძალვას და ევროკავშირში სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას.