ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ღაზაში პალესტინელების მკვლელობის გამოძიება მოითხოვა, რომლებიც 29 თებერვალს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინისას მოკლეს.
"გასულ ხუთშაბათს, ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ბევრი დაშავდა, როდესაც სასოწარკვეთილი ხალხი საკვების მიღებას ცდილობდა სატვირთოდან, მათგან ბევრი ისრაელის არმიის ცეცხლის შედეგად დაიღუპა," - თქვა მან.
ბორელმა ისრაელის არმიის ქმედებებს "გაუმართლებელი" უწოდა.
ევროკავშირი ინციდენტის მიუკერძოებელ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს, რაც მოვლენის ნათელ სურათს წარმოაჩენს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისრაელს აქვს ვალდებულება დაიცვას საერთაშორისო სამართალი და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების განაწილება.
"ეს ძალიან სერიოზული ინციდენტი აჩვენებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვა იწვევს დეფიციტს, ზრდის შიმშილსა და დაავადებების და სასოწარკვეთის დონეს, რაც ძალადობას იწვევს. გაჭიანურებული ბრძოლა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფა შექმნის სრულ ქაოსს, რაც შეუძლებელს გახდის ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას." - აღნიშნა მან.