ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ, როგორ უპასუხებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტებს რუსეთსა და ჩინეთში, ასევე უნგრეთის პოზიციას უკრაინაში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენ განვიხილავთ მომხდარს და უნგრეთის მთავრობის პოზიციებს“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნულ ქმედებებს „მიუღებელი“ უწოდა.
მედიის ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას სურს, რომ ბლოკმა უფრო მკაცრი პოზიცია გამოავლინოს ბუდაპეშტის მიმართ. მათ შორის, განიხილება ბუდაპეშტში აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრის ბოიკოტი ან მონაწილე მინისტრების რაოდენობის შემცირება, თუმცა ამის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.