საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 29 აგვისტოს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ისინი არ აღიარებენ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს "დემოკრატიულ ლეგიტიმურობას".
ბორელის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვენესუელის ეროვნული საარჩევნო კომისიისგან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არჩევნების შედეგების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია ვერ მიიღეს.
"ჩვენ ვერ ვაღიარებთ მადუროს, როგორც არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. ის დარჩება პრეზიდენტად, დე ფაქტო... მაგრამ, უარვყოფთ მის დემოკრატიულ ლეგიტიმაციას". - თქვა ბორელმა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბორელმა აღიარა, რომ ხუთშაბათის გადაწყვეტილებას არ ექნება რაიმე დაუყოვნებელი პრაქტიკული შედეგი, რადგან ევროკავშირს ვენესუელისთვის უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო სანქციები ჯერ არ დაუწესებია. თუმცა, ბორელმა აღნიშნა, რომ ეს არის "მტკიცე განცხადება" ბლოკისა, რომლის წევრ ქვეყნებშიც ჯამში 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
აქციებზე, რომლებიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მადურომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ამ დრომდე 27 ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაახლოებით 1 780 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, მათ შორის, 114 მოზარდია. დააკავეს ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერიც.