იტალიის მთავრობამ ქვეყანაში მომხდარი არეულობების შემდეგ, უსაფრთხოებისა და მოზარდთა დანაშაულის შესახებ ახალი დეკრეტი დაამტკიცა.
დეკრეტის თანახმად, ახალი დანაშაული - აქციებში ძალადობრივი მონაწილეობა; პრევენციული პატიმრობა გავრცელდება არასრულწლოვნებზეც.
პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მილანსა და სხვა ქალაქებში გასულ უქმეებზე მომხდარი მოზარდთა შემაშფოთებელი არეულობების შემდეგ, მთავრობამ დეკრეტით შემოიღო ახალი დანაშაული - “საჯარო აქციაში ძალადობრივი მონაწილეობა“. აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას 20,000 ევრომდე და თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.
„დღეს კანონმდებლობაში შემოდის ახალი სისხლისსამართლებრივი დანაშაული: ძალადობრივი მონაწილეობა დემონსტრაციაში“, - აღნიშნა მელონიმ ვიდეომიმართვაში, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელდა.
“თუ მსვლელობას ან დემონსტრაციას შეუერთდებით 5 ან მეტი პირისგან შემდგარი ჯგუფი და დაიწყებთ ქვების, პიროტექნიკისა თუ ჯოხების სროლას, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, გემუქრებათ 5 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 20 000 ევრომდე.
თუ სახე დაფარული გქონდათ ან ვინმეს დაზიანება მიაყენეთ, სასჯელი მკაცრდება; სანქციები ასევე იზრდება მათთვის, ვინც ჯგუფის შემადგენლობაში ვანდალიზმსა და ნგრევას ჩაიდენს“.
მელონიმ ასევე განმარტა ახალი პრინციპი: „თუ გააფუჭე - იხდი; ხოლო თუ დამნაშავე არასრულწლოვანია, იხდიან მისი მშობლები“.
“ჩვენ ვნერგავთ მარტივ პრინციპს: თუ გააფუჭე - იხდი, ხოლო თუ ზიანი არასრულწლოვანმა მიაყენა საზოგადოებას, პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ“, - განაცხადა მელონიმ.
“როგორ მუშაობს ეს? თუ ზიანი მიადგა მუნიციპალურ საკუთრებას, მაგალითად, ავტობუსის გაჩერებას, შუქნიშანს ან პოლიციის ავტომობილს, პრეფექტი გადახდის მოთხოვნას პირდაპირ სამართალდამრღვევის ოჯახში გააგზავნის. ხოლო თუ ზიანი მიადგა კერძო საკუთრებას - ვიტრინას, მაღაზიას თუ ავტომობილს, მფლობელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მიიღოს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი განჩინება“.
“რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება, თუმცა მანამდე იმ ახალგაზრდის მშობლებს მოუწევთ ზარალის ანაზღაურება, რომელმაც ქუჩაში ვანდალიზმი ჩაიდინეს. გარდა ამისა, დაზარალებულ მხარეს უფლება ექნება, მოითხოვოს კომპენსაცია ოჯახის ნებისმიერი აქტივიდან, მათ შორის იმ სახსრებიდანაც, რაც შესაძლოა მათ სახელმწიფოსგან ერგებოდეთ“.
მოსალოდნელი არეულობების წინ პოტენციური სამართალდამრღვევების პრევენციული დაკავება არასრულწლოვნებზეც გავრცელდება, - განაცხადა მელონიმ ვიდეოში, სადაც მინისტრთა საბჭოს მიერ უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის შესახებ მიღებული ახალი დეკრეტის დეტალები განმარტა.
„ამჟამად, 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდთან მიმართებით, სახელმწიფო ვალდებულია თითოეულ შემთხვევაზე ცალ-ცალკე დაამტკიცოს, რომ პირს გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი ქმედების არსი.
ჩვენ უკვე დავამტკიცეთ ნორმა, რომელიც ამ პრინციპს ცვლის და ეყრდნობა რა პრეზუმპციას, რომ პირს ესმოდა საკუთარი ქმედება, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.
ეს დებულება ამჟამად პარლამენტში გადის განხილვას, თუმცა დღევანდელი დეკრეტით ის დაუყოვნებლივ შედის ძალაში.
გარდა ამისა, წინასწარი პატიმრობა, რაც აქამდე მხოლოდ სრულწლოვნებზე ვრცელდებოდა, ამიერიდან არასრულწლოვნების მიმართაც იქნება გამოყენებული“.
მელონის თქმით, ძალადობა მიუღებელია და ვერავინ შეძლებს მის დაკნინებასა თუ გამართლებას.
„ყველამ ვიხილეთ ძალადობის კადრები, რამაც გასულ უქმეებზე შეძრა მილანი და იტალიის სხვა ქალაქები - გაძარცვული მაღაზიები, დამსხვრეული ვიტრინები და თავდასხმა სამართალდამცავებზე“, - აღნიშნა მან.
„ეს არის მიუღებელი სცენარები, რომელთა დაკნინება ან გამართლება არავინ უნდა სცადოს. სწორედ ამიტომ, მინისტრთა საბჭომ დღეს დაამტკიცა დეკრეტი, რომელიც შეიცავს ახალ ზომებს მსგავსი ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის








