ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების აღმოფხვრის(INF) შესახებ ხელშეკრულებას ოფიციალურად პარასკევს, 2 აგვისტოს დატოვებს. ამის შესახებ მან მან ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
”ამ პარასკევს ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდება, რადგან შეერთებული შტატები მას დატოვებს“,-აღნიშნა ბოლტონმა. თავდაპირველად, დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ 2018 წლის შემოდგომაზე განაცხადა. ვაშინგტონი რუსეთს 9M729 ტიპის რაკეტის შემუშავებაში ადანაშაულებს, რაც, მისი აზრით, ხელშეკრულების პირობებს არღვევს. აღნიშნულის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას INF- ის ხელშეკრულების შეჩერების შესახებ. ივნისის შუა რიცხვებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მის მიღებას მხარი დაუჭირა. 2 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო, რომელიც ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო (2 აგვისტო). შესაბამისად, ამ დროისთვის ყველა ვალდებულებები შეწყდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ს ქმედებების საპასუხოდ, ასევე INF-ს ხელშეკრულებას წყვეტს. ამავე დროს, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ვაშინგტონმა INF-ის ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, შესაძლოა  ახალი ხელშეკრულება გააფორმოს, რომელშიც ჩინეთი და სხვა ქვეყნები შევლენ.